რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განხორციელდა

2019 წლის 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქის, რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება განახორციელა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის წერილობითი სამართლებრივი გარანტიების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

“რამზან ახიადოვის ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი”, – ნათქვამია განცხადებაში

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამზან ახიადოვი შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას. ასევე, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, რამზან ახიადოვი, რომელიც მოცემული დროისთვის კვლავ იყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში.

მსგავსი თემები