რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვალი – ეროვნული ბანკის მონაცემები

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 415.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი.

უწყების განმარტებით, საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარზე ფიქსირდება. სხვა სექტორების საგარეო ვალი- 4.7 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 23.4 პროცენტია.

მსგავსი თემები