“რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ახლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას” – ნინო წილოსანი

ალეკო ელისაშვილისა და მისი მხარდამჭერების ჩოხატაურში ვიზიტს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო წილოსანი ეხმაურება.

“დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხატაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს, რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს, არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ, მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ავითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ახლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ახლა – სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შ. შემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს. კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის, რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე. მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ, ვინც დაგიჯერებს“,- წერს ნინო წილოსანი.

ჩოხატაურის ბაზარში “სამოქალაქო მოძრაობის” წევრების მოსახლეობასთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები