„რადიკალიზმი ჩვენთვის მიუღებელია“ – გიორგი ლომია „ქართულ მარშთან“ გაერთიანებაზე

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, დეპუტატ გიორგი ლომიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „პატრიოტები“ შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდეს.

„რომ გითხრათ, რომ მარტო ყოფნის გეგმა გვაქვს, ასეთი რამ არ არსებობს“ – აღნიშნა როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ერთადერთი, რაც „პატრიოთა ალიანსისთვის“ პოლიტიკური პარტნიორის მხრიდან მიუღებელია, ეს არის რადიკალიზმი.

„ზოგი თვლის, რომ “ქართული მარში” არის ულტრა რადიკალური ძალა. შემიძლია გითხრათ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არ არის ულტრა რადიკალური ძალა. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, თუმცა მინდა გითხრათ რომ „ქართული მარშიც“ ეროვნულია. უბრალოდ, მიდგომები გვაქვს სხვადასხვა. რადიკალიზმი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალიზმი მაშინაა მიღებული, როცა ის აუცილებელია. იქაც არიან პატრიოტები, იქაც არიან ღირსეული, ეროვნული ადამიანები, მაგრამ ხედვიდან გამომდინარე, ვერ გავერთიანდებით,“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე, რომელიც „ქართული მარშის“ პარტნიორობას ეხებოდა.

ლომია იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოძრაობებს არ აკონკრეტებს, რომელიც, შესაძლოა, „პატრიოტების“ პოლიტიკური მეგზური გახდეს.

„პარტიას სურს, მარტო იაროს, თუმცა, გეგმა, რომ „პატრიოტები“ მარტო ვიქნებით, არ არსებობს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ვინმესთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ვნახოთ, შევაფასებთ და თუკი დავინახავთ, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება გავერთიანდეთ გავერთიანდებით,”- განაცხადა გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები