რაგბის კავშირს, თბილისსა და თელავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსები გადაეცა 

​საქართველოს რაგბის კავშირს, თბილისსა და თელავში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-საგან თანამედროვე სტანდარტების სამი ახალი კომპლექსი გადაეცა. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს,​ სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

მათივე ინფორმაციით, ახალი სარაგბო კომპლექსის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარს აღემატება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი.

რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.

მსგავსი თემები