ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდისა და მძღოლის ამოყვანის სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო  

დუშეთში, ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის ცხედრის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.​ ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, MAN-ის მარკის ბეტონმზიდი სატვირთო  წყალსაცავში გუშინ, ღამის საათებში ჩავარდა. მაშველები ჟინვალჰესის მფლობელ კომპანიასთან და ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში კოორდინირებულად ახორციელებდნენ წყალში ჩავარდნილი მძღოლის სამძებრო ღონისძიებებს.

მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ღამით შეწყვიტეს, თუმცა დღეს დილიდან, 07:30 საათიდან სამძებრო სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით განახლდა, რათა წყალსაცავიდან ამოიღონ სატვირთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის N276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. პირველადი ინფორმაციით საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა დუშეთის რაიონში 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.

მსგავსი თემები