მეთიუ ბრაიზა ინაშვილისგან ბოდიშს ელოდება, ინაშვილი კი ბოდიშს კრამერისგან ითხოვს

გუშინ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ირმა ინაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე აცხადებს, რომ როდესაც კონფერენციაზე განიხილებოდა რუსეთის საკითხი, სწორედ ამ დროს შეიჭრნენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები დარბაზში. ბრაიზას განმარტებით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს კონფერენციის ორგანიზატორს. მისი თქმით, ამ ტიპის ქმედებები მის ქვეყანაში დასჯადია. 

“ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც გაამართლებს ევროპელი პარტნიორების მიერ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამუხრუჭებას. სწორედ ეს იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტის მონაწილეების არგუმენტი, რომ ვერ მიიღებდნენ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ეს კი იმის ფონზე, როდესაც დასავლეთ გერმანია მაშინ გახდა ნატო-ს წევრი, როდესაც მის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარი იდგა. რასმუსენის ინიციატივა ამ ბარიერებს აბათილებს. 

სწორედ ამ არგუმენტებზე ვმსჯელობდით, როდესაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრები შემოიჭრნენ. ფაქტობრივად, ისინი იმ დროს მოვიდნენ, როდესაც რუსეთზე დისკუსიას ვიწყებდით. ვფიქრობ, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია. მათ სიგნალი ამით სხვებს მისცეს. 

საოცარია, როგორ იქცეოდნენ. ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კონფერენციის ორგანიზატორს, ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო, ციხეში მოხვდებოდა. ის მას ფხაჭნიდა. ამის გამო მან ბოდიში თავად უნდა მოიხადოს”, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

თავის მხრივ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ირმა ინაშვილი ბოდიშის მოხდას შეერთებული შტატების მდივნის ყოფილი თანაშემწისგან, დევიდ კრამერისგან ითხოვს.

“თქვენ ბოდიში უნდა მომიხადით, ბატონო კრამერ! იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს და ბოდიში მომიხადეთ”,- მიმართა ინაშვილმა კრემერს.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.  კრამერი ამჯერად  მაკკეინის ინსტიტუტს წარმოადგენს

მსგავსი თემები