პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი  აჟღერდა

ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტმა დარბაზიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირია და პროტესტის მსგავსი ფორმაც ამის გამოხატულებაა.

“ის, რომ საკმაოდ მწვავე წერილები მოდის კონგრესმენებისგან, გამოხატულებაა ზოგადად იმის, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ჰიმნის ჩართვაც სწორედ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს ერთ – ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კი პერმანენტულ აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მშვიდ რეჟიმში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

“რაც ხდება პარლამენტში ვნახეთ ეს არის საბჭოთა კავშირი, თალაკვაძე საუბრობს ნახევრად ცარიელ დარბაზში, სადაც ყველა მისი თანამოაზრეა, ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირში. დარბაზში სხვა რეალობაა და ქვეყანაში სულ  სხვა. ჩვენ ვპირდებით ხელისუფლებას, რომ არ მივცემთ ნორმალურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას, მათ ექნებათ სულ დისკომფორტი“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ აქცია არჩილ თალაკვაძის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც ის პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგენს.

მსგავსი თემები