პუტინმა საფრანგეთს დახმარება შესთავაზა 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტაძრის აღდგენა მოხერხდება. ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი საფრანგეთში საუკეთესო სპეციალისტების გასაგზავნად მზადაა.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის შეუფასებელი სიმბოლო და მსოფლიო კულტურის საგანძურია. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდეა. უბედურება, რომელიც გუშინ ღამით პარიზში დატრიალდა, რუსების გულისტკივილის მიზეზი გახდა“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა  იუნესკომაც გამოთქვა. 

მსგავსი თემები