პროფესიული განათლების შედეგებსა და განვითარების პერსპექტივებზე კონფერენციაზე იმსჯელებენ 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია – BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით თბილისში დღეს, პროფესიული განათლების შედეგებთან და განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში ამ წუთებში მიმდინარეობს სახელწოდებით, „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება – შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპასუხოდ“.

​კონფერენციაში მონაწილეობენ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, სამინისტროები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კონფერენციას ასევე ესწრება, პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განუცხადა, კონფერენცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით მიღწეული შედეგების შეფასებასა და სამომავლო მიზნების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის. კერძოდ, რა შედეგებია მიღწეული პროექტით, რომელიც მიმართულია პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე დუალური სწავლების დანერგვის გზით. რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე შრომის ბაზარზე და როგორია პროექტის განვითარების პერსპექტივები აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

მისივე თქმით, პროექტს აფინანსებს გერმანიის მთავრობა და 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და BWMV e.V-ს პარტნიორობით.

მსგავსი თემები