“პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის მაჟორიტარი წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე  გამოიკვეთა, რომ  პროპორციული საარჩევნოს სისტემა საქართველოსთვის რისკის შემცველია.

დეპუტატის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის.

„ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში  ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ   შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვიტა, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უპირატესობა გააჩნია.

„შეცდომა რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ რეალურ უარყოფით შედეგებს მოიტანს, რისი  ალბათობაც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მაღალია –  დროა ჩვენვე გამოვასწოროთ. საპასუხო არგუმენტებად „დავპირდით“ , ან „შევპირდით“ , არ მიიღება. მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა თუნდაც 2024 წლისათვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები. ამასთან, მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში  უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები