პროკურტურამ ნიკა გვარამია გააფრთხილა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დღეს წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მივიდა.

საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.

მსგავსი თემები