პროკურატურა ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებზე პატიმრობას ითხოვს, შემნახველებზე კი გირაოს

ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურა დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება. თუმცა, ნაწილის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ნაწილის მიმართ კი პატიმრობას.

როგორც სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებზე პატიმრობას ითხოვს, შემნახველებზე კი გირაოს.

თორნიკე მარსაგიშვილი: „სულ დაკავებულია 17 პირი. აქედან, 9 პირის პროცესი პროცესი წარიმართება დღეს. ნაწილი მათგანის მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ნაწილი მათგანის მიმართ – გირაო. ვინაიდან ამ ბრალდებულების ნაწილმა არა მხოლოდ არა მხოლოდ უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ვიდეო, არამედ, გაავრცელა აღნიშნული ჩანაწერი. გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო მათ მიმართ, ვინც უკანონოდ მოიპოვა და შეინახა, მოთხოვნილია გირაო. დანაშაულია, როცა იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს შესახებ, რაზეც არის საუბარი ამ შემთხვევაში, არ აცხადებ პოლიციაში. ამასთან ერთად, გაქვს გონივრული დრო იმისათვის, რომ რეაგირება მოახდინო, განაცხადო პოლიციაში და წაშალო ჩანაწერი, რომ არ მოხდეს მისი შემდგომო გავრცელება. როცა ამას არ აკეთებ და ინახავ უკანონოდ, სს დანაშაულია“.

კითხვაზე ეს ადამიანები ცდილობდნენ ამ ვიდეოჩანაწერების მოპოვებას თუ მათ სოციალურ ქსელში შემთხვევით მიიღეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს: „უმეტესობა მათგანი თავად ცდილობდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მოპოვებას, ის უკანონოდ შეინახეს და პოლიციაში არ განაცხადეს“.

მსგავსი თემები