პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო კირკიტაძეს პატიმრობას შეუფარდებს, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

„ვის იცავთ პოლიციელებო? ქვეყანა გაქვთ დასაცავი. პატრიოტებისაგან იცავთ ამ ქვეყანას? პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

როგორც ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი და “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, დავით კირკიტაძე მის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა, ამიტომ თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლო დაიცავს მის უფლებებს. დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

 

მსგავსი თემები