პროკურატურამ გუკა რჩეულშვილზე ძებნა გამოაცხადა

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშული, გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან  გ.რ. არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.რ.-მ 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც   დაარღვია შემაკავებელი  ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გ.რ.-მ 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” და რომლის  ნაწილიც მან  მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით)დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.რ.-სგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად  ნარკოტიკული საშუალებების – “კოკაინის”, “ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა” და “ტრამადოლის” მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები