პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

ბურღულეული 30-40 თეთრით გაიზარდა, ზეთი 50 თეთრით, შაქარი 35 თეთრით, კარტოფილი 1 ლარით, სხვა ბოსტნეულსა თუ ჰიგიენურ საშუალებებს, ფასი ყველაფერს მოემატა.  

„ახალი კორონავირუსის“ საფრთხიდან გამომდინარე შექმნილი პანიკა სამომხმარებლო ფასებზეც აისახა. კერძოდ, პროდუქტებზე ასები 30-50 თეთრითაა მომატებული. „მედიაცენტრი მთავარის“ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ეს ვითარება იმ დაპანიკებულმა ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც პროდუქტები ძალიან დიდი რაოდენობით მოიმარაგეს.

ნეა დვალი: „დღეს ზუსტად ის პროდუქტები ვიყიდე, რასაც ჩვეულებრივ ვყიდულობ, ვხედავ, რომ ფასები მიფრინავს, თუ ადრე ანალოგიურ პროდუქტებში  დაახლოებით  70 ლარს ვხარჯავდი, დღეს 98 ლარი გადავიხადე. გაზრდილია ფასები ბურღულეულზე, შაქარზე, ზეთზე და თითქმის ყველა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე“.

ლალი ზარქუა: „ფასები გაზრდილია. მაგალითად, კარტოფილზე 50-60 თეთრით გაიზარდა. კარტოფილს 1.20 ლარად ვყიდულობდი და დღეს 2.20 გადავიხადე. ასევე, დაახლოებით 30-40 თუ მეტით არის ფასები მომატებული თითქმის ყველაფერზე. ასე როგორ შეიძლება. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და დაარეგულიროს ფასები. ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესს საშუალება არ უნდა მისცეს, ფასებით ითამაშოს“.

ანალოგიურად, ფასების ზრდაზე საუბრობენ „მედიაცენტრი მთავარის“ მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც.   

მსგავსი თემები