„პრობლემაა, რომ მძიმე წარსულის მქონე ადამიანები საზოგადოებას წარედგინებიან, როგორც ლიდერები” – დიმიტრი ხუნდაძე

„პრობლემაა, რომ მძიმე წარსულის მქონე ადამიანები საზოგადოებას წარედგინებიან, როგორც ლიდერები. პრობლემაა, როცა ადამიანს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ციხის ღია კართან დგას და არავითარი სინანული, რიდი, ემოცია არ ეტყობა და აგრესიაზე გადმოდის, დამხობაზე საუბრობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას სტანდარტით ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები არიან, მაგრამ დეპუტატის თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი მძიმე დამნაშავეები არიან.

“ვანო მერაბიშვილი საკუთარ ბალიშზე დაემხოს. ვანო მერაბიშვილს ვთავაზობ, საკუთარ ბალიშზე გამოიძინოს, მაგრამ ეტყობა, ვერ გამოიძინა და ვერ აღიქვა, რა იყო მისი მმართველობაში ყოფნისას რეალობა. იმ პერიოდში, როცა ამ ადამიანმა სასჯელაღსრულების სისტემაში მძიმე წარსული შექმნა, ყოველ ხუთ დღეში ციხიდან სამი გვამი გამოდიოდა და გვამებს გარეთაც დამატებით ითხოვდნენ. ამ სისტემის შემქმნელი ციხიდან გამოვიდა, პიჯაკში გამოწყობილი და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თან ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერ შეიგრძნო, რატომ იყო დამნაშავე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები