პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს.

მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად იმყოფებოდნენ.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

მსგავსი თემები