პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება.

მედიკოსების ცნობით, განხილვის მთავარი თემა 21 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციები იქნება. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენებენ, არის ის, რომ მინიმუმ ექვსი თვით შეჩერდეს 520-ე დადგენილება, რათა უკეთ მოხდეს ტარიფების დაანგარიშება.

მედიკოსების განცხადებით, 21 ნოემბრის შემდეგ ისინი გადავიდნენ ახალი ტარიფებით მომსახურებაზე, თუმცა ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც კლინიკებს, ისე პაციენტებს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან და გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია.

როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩაინიშნა. 

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კერძო კლინიკების ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, სამინისტროს მიერ დადგენილი დაბალი ტარიფები პაციენტების ხარისხიან მომსახურებასა და კლინიკების გამართულ ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები