პრემიერ-მინისტრი კრიმინოგენულ ვითარებაზე ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვას უპასუხებს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტში, ​ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პირველად უპასუხებს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, ამ შემთხვევაში ინტერპელაციის ავტორი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაა” და კითხვა ეხება ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას. 

მისივე განმარტებით, პროცედურა არის შემდეგი: თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, წარმოაჩენს მის ხედვას კრიმინოგენულ ვითარებაზე. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი, განსხვავებით სხვა პროცედურებისგან არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია კითხვა დაუსვან მთავრობის წარმომადგენელს.

“​ინტერპელაცია ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ კითხვის ავტორს ექნება შესაძლებლობა პრემიერის გამოსვლის შემდგომ სამი წუთის განმავლობაში დააზუსტოს მისივე კითხვა, რომელი კითხვაც ინტერპელაციით ჰქონდა დასმული. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დამაზუსტებელ კითხვას,რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ პროცედურის განმავლობაში, გასცემს პასუხს და უკვე ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური დებატები”, – აცხადებს კახიანი.

მისივე თქმით, დებატებამდე შესაძლებელია გამოცხადდეს შესვენება.
დებატები წარიმართება შემდეგი წესით: თავდაპირველად პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ 5 წუთიანი გამოსვლების შესაძლებლობა. ამის შემდეგ, მომდევნო 15 წუთი მიეცემათ ფრაქციებს, შემდეგ კი 45 წუთი უმრავლესობას.

მას შემდეგ, რაც დებატების პროცესი დასრულდება, პრემიერ-მინისტრს ეძლევა შესაძლებლობა პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. 

მსგავსი თემები