პრემიერმა 7 გუბერნატორი წარადგინა, მათი  დავალება  საზოგადოებასთან კომუნიკაციაა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნიის 7 ვაკანტური თანამდებობა დღეს დააკომპლექტა. ერთმა  მოქმედმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ პოზიცია დილით დატოვა. პრემიერ-მინისტრის დავალება  გუბერნატორებთან მიმართებაში შემდეგია –  კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

მამუკა ბახტაძემ დღეს გუბერნატორებად წარადგინა: ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო; შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთი;  შოთა რეხვიაშვილი – ქვემო ქართლი; ალეკო ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლში; შავლეგო ტაბატაძე  – იმერეთი; ბესიკ ამირხანაშვილი – სამცხე- ჯავახეთი, ზურაბ ნასარაია – გურია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რწმუნებულებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს.

„სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და რაც მთავარია, მაღალი დონის დისციპლინით. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მექანიზმი. ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – ასეთია მისი განცხადება სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები