პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა დაიწყო 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევას ოფიციალურად დღეიდან იწყებს. პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც კანდიდატების შესახებ იმსჯელებენ.

„ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში დაეხმაროს. დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს,იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის კრიტერიუმებს, პრეზიდენტის შეფასებით,  მას საკმარისი კვალიფიკაცია, მორალური ძალა და  საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

„ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ და არაერთი ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს – ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები