პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, ადამიანების ბედზე​ – სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა

​საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა, იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის საზრუნავია ის, რომ მოიშალოს საოკუპაციო ხაზი. მას, როგორც მთავარსარდალს უნდა აწუხებდეს საოკუპაციო ხაზთან მყოფი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და მათი ბედი.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, ​სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითი, რაც არა მხოლოდ დასაგმობია, არამედ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მისი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავაზე.

“აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში რუსი ოკუპანტების მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული. რუსმა სამხედროებმა ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე გუშინ, დილიდან დაიწყეს და თითქმის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცვეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება.

​ადგილზე გუშინ, იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი.

მსგავსი თემები