“ჩვენ შორის კავშირი არასდრო გაწყდება” – სალომე ზურაბიშვილი კახის ქართულ მოსახლეობას შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ კახში ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და კათოლიკოს – პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა. იგი კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს.

საქართველოს პრეზიდენტი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადება მოითხოვეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისთვის.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისგან ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.

როგორც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, მისთვის ძალიან ემოციური პირველი სტუმრობა კახში, ქართული სკოლის, ეკლესიისა და მოსახლეობის მონახულება, რომელიც არ კარგავს ქართულ ენასა და კულტურას. იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანში მისი ვიზიტის შედეგები იქ მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე დადებითად აისახება.

“მადლობა საოცარი მიღებისთვის, ჩვენ შორის კავშირი არასდროს გაწყდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მომიოხილა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო – აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილობრივ მოსახლეობაზეც აისახება.

“ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი, ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.

“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის,  თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები