პრეზიდენტის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი

სალომე ზურაბიშვილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, პოლიტიკურს უწოდებს და მასში სამართლებრივ რეკომენდაციებს ვერ ხედავს.

განცხადებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთამ გააკეთა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში გამწესებას, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, კომისიის მხრიდან ამგვარი შეფასებები გარკვეულ უხერხულობასაც კი ქმნის. მისივე განცხადებით, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა, მოსამართლეთა ფარული კენჭისყრის წესით არჩევას ეხება, სხვა ყველაფერი კი გაზიარებულია.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ამავე დროს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს – არჩეულ იქნას საზოგადოების მხრიდან ძლიერი, ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა.

ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია – მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება, მეორე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით, პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი, მისი კანდიდატის წარდგენა ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი რეკომენდაციიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები