პრეზიდენტის სასახლის სპორტული დანიშნულებით გამოყენებას მივესალმები – შოთა ხაბარელი  

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც სახელმწიფოსთვის და მისი იმიჯისთვის უკეთესი იქნება.

​როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ავლაბრის სასახლის სპორტული დანიშნულებით გამოყენების იდეას მიესალმება.

“ამაზე ფიქრია საჭირო, ეს არ არის უბრალო შენობა. მასშტაბური ნაგებობაა და შესაძლოა, ქვეყნის სახესაც  წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ შეიძლება. ის სპორტულ დანიშნულებას შეიძენს, სასტუმრო იქნება თუ სხვა. სპორტული მიმართულებით თუ გამოვიყენებთ, ამაში ცუდი არაფერია. სახელმწიფოსთვის რაც იქნება უკეთესი ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, შესაძლოა ამ შენობას განსაკუთრებული დანიშნულება მიენიჭოს”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.

​როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა.

აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობას, ათონელის ქუჩაზე მდებარე, ორბელიანების სასახლეში მუშაობას ამჯობინებს. მიაჩნია, რომ ეს შენობა ბევრად უფრო ევროპული ყაიდის არის, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აშენებული ავლაბრის რეზიდენცია.

მსგავსი თემები