პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი “ქალთა მოძრაობას” ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ორგანიზაცია “ქალთა მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ისინი დასაშვები კრიტიკის ზღვარს გასცდებიან, მოუწევთ სამართლებრივად აგონ პასუხი მის მიმართ ბრალდებებზე.

“ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაცია და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარს, სადაც გადასცდებიან, ისინი მიიღებენ იმ სამართლებრივ პასუხს, რომელიც არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით,” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით, “ქალთა ორგანიზაცია” კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულირებს.

“კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა აქვთ დახვეული ხელზე”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

მისი განმარტებით, როგორც საპარლამენტო მდივანს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს პარლამენტში შეტანილ კანონპროექტებზე.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მოძრაობის წევრები დიმიტრი გაბუნია, ქალების შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის გამამართლებელი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები