პრეზიდენტის მრჩეველთა ჯგუფის წევრებს გამოსაცდელი ვადით დაიქირავებენ  

ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალი გუშინ, თელავში გაიმართა, მრჩეველთა ჯგუფის წევრებს 6-თვიანი, გამოსაცდელი ვადით აიყვანს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი პრეზიდენტის მოლოდინებს გაამართლებს, მასთან მუშაობას განაგრძობს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საცდელი ვადა მასაც შეეხება.

„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აქტიურ შეხვედრებს მართავს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც პირველად იმყოფებიან საქართველოში და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მათ ჩამოსვლისა და საქართველოს მიმართ პატივისცემის გამოხატვისთვის.

​საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, სომხეთის პრეზიდენტი და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და პოლონეთის წარმომადგენლები მიიღო.

 

მსგავსი თემები