პრეზიდენტის გადადგომას პარლამენტშიც ითხოვენ – პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

ქართველი ძიუდოისტების მოთხოვნას, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტშიც უერთდებიან. მართალია, აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი საუბრობს, თუმცა, როგორც “მთავარისთვის” გახდა ცნობილი, კულუარებში ეს თემა აქტიურად განიხილება. უფრო მეტიც, განცხადებები დავით ქევხიშვილის მფარველებზეც კეთდება.

“მთავართან” საუბრისას, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის შეცდომები იმდენად მძიმეა, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

„არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილს როცა მოვუსმინეთ, ის დარღვევები აშკარაა, რაზეც უკვე დიდი ხანია სპორტსმენები საუბრობენ. ეს ინფორმაცია მე ადრეც მქონდა, თუმცა, უფრო შოკის მომგვრელი იყო, როცა დანაშაული ქევხიშვილმა თავად აღიარა. საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. მან წარმატებული, მსოფლიოში აღიარებული და ევროპაში საუკეთესო მწვრთნელობისთვის დაჯილდოებული ადამიანები ერთი ხელის მოსმით სახლში გაუშვა. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მთელი მწვრთნელთა შემადგენლობა გადააყენა და მისი მეგობრები მოიყვანა,“ – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

„მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი თემა, რომელიც სპეციალურად შექმნილ კომისიაზე განიხილეს, სწორედ მწვრთნელების საკითხი იყო. ამ თემაზე კომისიამ დავით ქევხიშვილიც „დაკითხა“. როგორც მან კომისიის წევრებს განუმარტა, ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. აღნიშნული ინფორმაცია „მთავარს“ კომისიის წევრმა შოთა ხაბარელმა დაუდასტურა: „გეთანხმებით, რომ კომისიაზე ეს საკითხი წამოიწია და ჩემთვის დიდი დარტყმა იყო იმისი მოსმენა, რაც მან გვიპასუხა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ვალდებულება ჰქონდა მწვრთნელები გაეშვა და მეგობრები მოეყვანა. თქვა, – პრეზიდენტად სწორედ „მათი“ მეშვეობით მოვედიო“.

არსებული ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, ძიუდოისტების მოთხოვნას შოთა ხაბარელიც უერთდება და ამბობს, რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

„წარმატებული მწვრთნელების შეცვლა პრეზიდენტის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო. ძიუდოს ისტორიას მსგავსი არაფერი ახსოვს. არც ის ახსოვს, რომ ევროპის ჩემპიონატიდან გუნდი უმედლოდ დაბრუნებულიყო. მას რა ვალდებულებებიც ჰქონდა „ვიღაცის“ წინაშე, ის შესანიშნავად შეასრულა. სრულიად ვიზიარებ ბიჭების მოთხოვნას. ვინ დგას მის უკან, ეს მალე გამოჩნდება. გადაწყვეტილება მარტივია, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს,“ – განუცხადა ხაბარელმა „მთავარს“.

აღნიშნულ თემაზე განცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა. მისი თქმით,  ზურაბ ზვიადაური წლების განმავლობაში საუბრობდა ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე. მისი აზრის იგნორირება კი დღეს, საქართველოს საერთაშორისო სირცხვილი სფასად დაუჯდა.

მსგავსი თემები