პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ამ ეტაპზე, სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრებათ

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი შეჩერებულია. ინიციატივასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, პარლამენტმა ფართო საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ინაუგურაციის შემდეგ, ავტომატურად, სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრებათ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებოდა. შესაბამისად, საკითხზე მხოლოდ მსჯელობა და მუშაობა მიმდინარეობდა, რაც გაგრძელდება.

რაც შეეხება ინიციატივას, მის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საჯარო მოხელის ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები ხდებოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მათ უფლებამოსილება უწყდებოდათ და მათთან ხელშეკრულების გაფორმება-არგაფორმების სკითხს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტდა.

როგორც საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, საჯარო მოხელე იქნება თუ ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, არავის უფლება დაირღვევა.

„აღნიშნული ინიციატივის მთავარი პრინციპია, ყველა დასაქმებულის უფლება იყოს დაცული. საჯარო მოხელე იქნება თუ ხელშეკრულებით აყვანილი პირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს. შესაბამისად, ამ პრინციპს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. იცით, რომ ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თანამშრომელთა შტატები კაბინეტური სისტემით უნდა დაკომპლექტდეს. სწორედ ამ სისტემას უკავშირდებოდა ჩვენი ინიციატივა. ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ერთეულის შემცირებაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს ინსტიტუტი, ახალი კონსტიტუციით, ფუნქციურადაც იცვლება“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები