“პრეზიდენტისგან პასუხი ვერ მივიღე” – დიმიტრი გაბუნია ხმაურიან შეწყალებაზე 

“მეც მაინტერესებს, საზოგადოებასთან ერთად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს. მე თათბირზე პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ეს სია მიუღებელია. პრეზიდენტმა მიპასუხა, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

საპარლამენტო მდივნის განცხადებით, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები ტერორში იმყოფებიან, ამიტომ, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოითხოვს, ცილისწამებისთვის ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც მისი რეპუტაციის შელახვას შეეცადა. 

„საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს დაგეგმა, სარჩელით უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას. კატეგორიულად მიუღებელია თითის გაშვერა საპარლამენტო მდივნისკენ. ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, ეს არის შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში, დაკავებული იყო სიის შედგენით,” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

დიმიტრი გაბუნია, მიესალმება გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

“სულმოუთქმელად ველოდები შალვა თადუმაძის უწყებაში მისვლას, რათა ყველაფერი ღიად ვთქვა. ვის დასჭირდა ჩემი სახელისა და გვარის გათხვრა. ამ საკითხს ასე არ დავტოვებ. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით? ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო განადგურებულია. ასე არ შეიძლება თითის დადება. ვის ინტერესში იყო ჩემი სახელისა და გვარის დასახელება? არაა გამორიცხული პროკურატურას მივმართო, რომ გამოიძიოს. ღმერთისა და ადამიანების წინაშე ვარ ცამდე მართალი, საზოგადოება რომ შეცდომაშია შეყვანილი. ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ეს დაგეგმა, გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები