პრაქტიკულად ყველა მოსამართლე “ნაციონალური მოძრაობის” მსახური იყო – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, პრაქტიკულად ყველა მოსამართლე ხელისუფლების მსახურები იყვნენ. თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა იმავე ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ყველას ესმის დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა, თუმცა ცალკე აღებული, რომელიმე ინსტიტუტი იდეალური ვერ იქნება.

“ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები, როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლოში, გადადგმულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ის კატასტროფა, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომ მოსამართლეებს 0,01 % გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ და ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა. პირდაპირ ადეიშვილის განკარგულებით იღებდნენ განაჩენს.  ასეთი მდგომარეობა დღეს აღარ არის. თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლო სფერო ერთ-ერთი წამყვანია და ის სახელმწიფოს არსებობის საფუძველს წარმოადგენს. ოდიოზური ფიგურები სასამართლო ხელისუფლებაში ვერ იქნებიან, ამის ეჭვი აღარ არის საზოგადოებაში და ამას ყველა ნათლად ხედავს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაითვალისწინა საზოგადოების აზრი არა მარტო სასამართლო სფეროსთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ვითარდება და ესმის საკუთარი ხალხის. “თუმცა, იმას, თუ როგორ ესმით მათ ხალხის ხმა, საგაზაფხულო სესიაზე გავიგებთ, სადაც მოსამართლეებისთვის კრიტერიუმები უნდა მიიღონ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოების ჩართულობა არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის დაქირავებული. თუ ეს დაავიწყდებათ, მაშინ სხვებს მოიყვანს ქართველი ხალხი ხელისუფლებაში, რომელიც უფრო კარგად მოისმენს მის მოთხოვნებს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მთავარში”. 

მსგავსი თემები