პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ავტობუსებით დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში დასაბრუნებლად მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეები ერევნიდან საქართველოში ავტობუსებით დაბრუნდებიან.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები – 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3 809 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 5 319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

მსგავსი თემები