პოლიციელებს ხელფასებიც გაეზრდებათ და ბინათმშენებლობაშიც ჩაერთვებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდის პირობას იძლევა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, 2018 წელს დაწყებული სახელფასო ფონდის ზრდა, მომავალ წელსაც დადებითი ტემპით გაგრძელდება.

„შს სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიციელებისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება. გარკვეულწილად, მოვახერხეთ, 2018 წელს სახელფასო ანაზღაურება გაზრდილიყო. პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მათ ასევე ექნებათ სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები. მათ შორის, ბინათმშენებლობის, სამედიცინო უზრუნველყოფის და განათლების მიმართულებით“ – აღნიშნა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი გახარიამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფუნქციონალური დანაყოფი წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება.

„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არარსებობაა. წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და “ოპერს” ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. 2019 წლის ბოლომდე ჩვენ ვაპირებთ, სრულად დავასრულოთ ფუნქციების გამიჯვნა. ასევე, დავასრულოთ იმ ახალი ინსტიტუტის იმპელემენტაცია, რომელსაც მართლწესრიგის ოფიცერი ჰქვია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები