“პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი“ – შსს ფილმის პრემიერაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.

ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს დაუყოვნებლივ აღკვეთს.

„გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები