პოლიციამ, სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, 1 პირი – ა.ჯ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს.

გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველო სთანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1 პირი – არასრულელოვანი გ.ვ. დააკავეს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს, ქუთაისში, არასრულწლოვანმა გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები.

გამოძიება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 142-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში აქტიურად არის ჩართული საწყისი ეტაპიდანვე და ახორციელებს მონიტორინგს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში ობიექტურად წარიმართოს.

მსგავსი თემები