პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა. პოლიციამ, ჯამში, 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად  297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზია“ ამოღებული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები