პოლიტიკოსები პოლიტიკაში პირადი კეთილდღეობისთვის მოდიან, მთავარი პრობლემა უპასუხისმგებლობაა – სოფო ხორგუანი

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკაში მათი, პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და პირადი ოცნებების ასასრულებლად მიდიან. რაც გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობის, სურვილების ან ოცნებების უგულვებელყოფის ხარჯზე ხდება.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ხორგუანმა დღეს განაცხადა, ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაა, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხრიდან.

“ერთ მხარეს არის ოპოზიცია, რომელსაც ყველაფერზე აქვს ერთი პასუხი და რაც მთავარია, ეს ნათქვამი უნდა იყოს ისტერიული და გამყინავი ხმით, – “ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, პუტინის კაცი” და ა.შ, მეორე მხრივ არიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ ერთი პასუხი, – “ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა”. არავინ იღებს პასუხისმგებლობას მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა იღებენ ხელფასებს, პრემიებს, სარგებლობენ პრივილეგიებით, სტატუსით. ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელი. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს”, – აცხადებს სოფო ხორგუანი.

მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ ადამიანებმა მასზე უკეთ იცოდნენ, რა სჭირდება ქვეყანას და ამას კარგად გაართმევდნენ თავს. თუმცა, დღეს მიაჩნია, რომ ქვეყანა ისევ იმ ადგილას არის, სადაც 2012 წელს იყო.

“ამასწინათ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სანამ თქვენ იბრძოდით ჩვენ ვსწავლობდითო. როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება ჩავთვალე, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემზე უკეთ იციან, რა სჭირდება ქვეყანას და ამას ჩემზე უკეთ გააკეთებენ. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. ჩავთვალე, რომ შეძლებდნენ რაღაცეების უკეთესად გაკეთებას. 2009 წლის შემდეგ, საჯარო სამსახურში არ ვყოფილვარ და 2012 წლის შემდეგ არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ მიწარმოებია. ვიყავი აქტიური, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ვამბობდი, რომ მოქალაქე მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგოც ჩანს ეს არ არის საკმარისი და მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და უნარები შემიძლია გაცილებით ეფექტიანად გამოვიყენო იმისთვის, რომ ჩემს გარშემო ვითარება შეიცვალოს”, – აცხადებს სოფო ხორგუანი.

იგი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, თბილისის მთაწმინდის ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად გეგმავს.

მსგავსი თემები