პირის იდენტიფიცირება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ემუქრება, შესაძლებელია – დიმიტრი გაბუნია

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა განხორციელდა პირისგან, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეა და ამჟამად უკრაინაში, ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის წევრია. ეს არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.

ადვოკატის თქმით, არსებობს სათანადო მტკიცებულებები, აუდიო და წერილობითი მასალა, რომელიც უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, მათ მოახდინეს პირის იდენტიფიცირება.

მისივე ინფორმაცია, ძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის N 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, გაბუნიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა უფრო მძიმე დანაშაული, რომელიც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

​” ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება. ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე”,- განაცხადა გაბუნიამ.

პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატი სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ  ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ ტყუილს ადგილი არ აქვს.

“მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი. ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის “ფეიკი“. არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია”,- აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

 

მსგავსი თემები