“პირველი შესაძლებლობა, რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი” – ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

“გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას განიხილავდა, განსაკუთრებით კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს. 

“შვეიცარიის მხარის ინიციატივა იყო, გვემსჯელა საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან და უკანონო ბორდერიზაციასთნ არის დაკავშირებული. ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნიუ-იორკში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.

მსგავსი თემები