პირველი რესპუბლიკის გამოფენა გორის იუსტიციის სახლში 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე, რეგიონებში გამოფენებს განაგრძობს. 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია გორის იუსტიციის სახლში, 30 აპრილს გაიხსნა.

როგორც “მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, გამოფენა მოიცავს წერილობით და ფოტომასალას, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში. არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს –დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

ექსპოზიციის გახსნასთან ერთად, ეროვნული არქივის თანამშრომელმა, დიმიტრი სილაქაძემ, 1918-1921 წლების ისტორიაზე საჯარო ლექცია გამართა.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არა ერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

გორის იუსტიციის სახლში გამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები