პირველი მარტიდან, „ტაქსისტები“ ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

თბილისის მერის – კახა კალაძის განცხადებით, რესგისტრირებული ტაქსის მფლობელები ავტომანქანის თეთრად გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს ხვალიდან მიიღებენ. ვაუჩერები შეეხებათ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს.

“პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ამდენად, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, პროცედურის გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ ამ დასახელებულ ვაუჩერებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება.

მსგავსი თემები