პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს

საზოგადოებრივი მაუწყებელმა უარი განაცხადა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

“მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას”, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

მსგავსი თემები