პირბადის ტარებაზე ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტს ბიუროს დღეს წარუდგენენ

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. სავარაუდოდ დღესვე დაიწყება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ თანხა ფიზიკური პირისთვის 50 ლარით განისაზღვრა, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. ასევე 50-50 ლარის გახადა მოუწევთ მგზავრსა და მძღოლს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში.

„ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, პირებისთვის, ვინც დაარღვევს რეგულაციას, მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი და ისეთი ტიპის ფულადი სანქცია, რომლის გადახდასაც ადამიანები ვერ შეძლებენ. ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პირბადის არმქონე პირის დახურულ სივრცეში დაშვება მოხდება, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის მხრიდან, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ზოგადად, ღია სივრცეებში პირბადის ტარება არ არის სავალდებულო და შესაბამისად, ღია სივრცეში თუკი პირი არ ატარებს პირბადეს, ამისთვის პახუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრიც და მძღოლიც ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე. თუ მათ პირბადე არ ექნებათ, ამ შემთხვევაში მძღოლისთვისაც და მგზავრისთვისაც ცალკე გათვალისწინებულია 50-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. ასევე, ტაქსის მძღოლებიც ვალდებულნი არიან, მგზავრთა გადაყვანისას თვითონ მძღოლებსაც ჰქონდეთ პირბადე, ასევე მგზავრსაც. იმ შემთხვევაში, თუკი ტაქსის მძღოლს არ ექნება პირბადე, ასევე გათვალისწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა. ხოლო თუკი მგზავრიც არ ატარებს პირბადეს, ასევე 50-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები