“პიკნიკის” თანამედროვე მნიშვნელობა – მოზარდმა მარიხუანის მოწევის შედეგად გონება დაკარგა

თბილისში, ლისის ტბაზე დღეს, მარიხუანის მოწევის შედეგად, 14 წლის მოზარდმა გონება დაკარგა. ათამდე გოგო-ბიჭი, ტბის მიმდებარედ სკვერში იყვნენ შეკრებილები და გარშემომყოფთა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც მათი თანატოლი ცუდად გახდა. მოზარდების ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა.

მომხდარის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა უამბო, რომელიც ბავშვის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანას და მის დახმარებას შეეცადა, თუმცა, მას სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება, ბავშვების თანმხლებმა უფროსებმა არ მისცეს.

“ლისის ტბაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც ჩემი ყურადღება შორიახლოს, ბავშვების ჩოჩქოლმა მიიპყრო. მივედი, რომ გამეგო რა ხდებოდა. დაახლოებით 10-მდე მოზარდი გოგო-ბიჭი. ერთის გარდა, გარეგნულად ყველას ეტყობოდა, რომ მოწეული ჰქონდათ. გოგონები ტიროდნენ, ბიჭები კი უაზროდ იცინოდნენ. მეც იმ ერთისგან შევეცადე ვითარებაში გარკვევას. მან დამამშვიდა, – ძეხვით მოიწამლა, საშიში არაფერია, გამოვა მდგომარეობიდანო. მე ვუპასუხე, – ძეხვით მოწამლულს არ ჰგავს, მაგრამ თუ ასეა, მოწამვლის საწინააღმდეგო სპეციალური მარილი მაქვს და დავალევინებ -მეთქი.

-არაო, – წინააღმდეგობა გამიწია. ბოლოს აღიარა, – “პლანი” აქვს მოწეული, თან ძალიან ცუდი “პლანი”. ვეუბნებოდი, არ მოსწიო-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. პირველად მოსწია და ცუდად გახდაო.

ბიჭს პულსი გავუსინჯე, აჩქარებული ჰქონდა. შევეცადე გონზე მომეყვანა. ბავშვებს მისი მშობლის ტელეფონის ნომერი ვთხოვე, მაგრამ არ მითხრეს. ამ დროს მოვიდა ვიღაც კაცი. როგორც აღმოჩნდა ამ ბავშვებთან იყო. ვთხოვე, პირველადი დახმარება აღმოვუჩინოთ ბავშვს და სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ-მეთქი. მან მიპასუხა, ერთ-ერთი ბავშვის მამა ვარ, მე ამოვიყვანე ესენი “პიკნიკზე” და მე მივხედავო. ამასობაში ქალიც მოვიდა, იმანაც მითხრა, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ვარ. ვერ ხედავთ მოწეული აქვს, რა “პლანი” არ მოგიწევიათო?

კვლავ მოვითხოვე ბავშვის მშობლის ტელეფონის ნომერი. რა თქმა უნდა, არ მომცეს. – რადგან მარიხუანის მოწევის გამოცდილება გქონიათ, ისიც გეცოდინებათ ასეთი მდგომარეობიდან როგორ გამოვიყვანოთ ბავშვი, რა პირველადი დახმარება ჩავუტაროთ-მეთქი?! მამაკაცმა შემომთავაზა, ტბაში ჩავუშვათო, ქალმა – ყავა დავალევინოთო.
​- ახლა ამან ყავა რომ დალიოს გული ხო გაუჩერდება?! – აღვშფოთდი.
– ეგეთები გამოსულან მდგომარეობიდანო? – მომიშორეს თავიდან”, – აცხადებს თვითმხილველი.

არასრულწლოვნების თანმხლებმა უფროსებმა მას, არც სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება მისცეს და არც მოზარდის მშობელთან დარეკვის. მოსთხოვეს ტერიტორიას გასცლოდა. ამასობაში სხვა ბავშვები  მიიმალნენ.

​​უფროსებს პატრულის გამოძახების შეეშინდათ. საქმე ხომ არასრულწლოვანს ეხება. მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო პასუხისმგებლობა, რომ ჩაბარებული ბავშვები ასეთ დღეში არ აღმოჩენილიყვნენ, უფრო მეტიც, თურმე, ასეთ დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენაც არ სცოდნიათ. რომ მივიხედ-მოვიხედე, დანარჩენი ბავშვები ვეღარ დავინახე, მიატოვეს მეგობარი. მხოლოდ ის ბავშვი დარჩა, ვინც მითხრა, არ მომიწევიაო. მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი მათ გავცლოდი, ლისის ტბის დაცვას ვთხოვე. ბავშვია იქ ცუდად და იქნებ მიიღოთ ზომები -მეთქი”, – განუცხადა “მთავარს” თვითმხილველმა.

მსგავსი თემები