„პიკასოს“ მოკვლა არ მინდოდა, გამოძიებას ხელს არ შევუშლი და ჩემს შვილებთან ვიქნები“ – თამთა ჯანჯღავა

 

სასამართლო ამ წუთებში მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა ჯანჯღავამ მოსამართლეს მიმართა და სახლში გაშვება სთხოვა. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „პიკასოს“ მოკვლა არც უფიქრია.

„ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა. გამოძიებას არ შევუშლი ხელს და ვიქნები ჩემს შვილებთან ერთად”, – განაცხადა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე.

მისი ადვოკატი კი ბრალდებულის აღკვეთის ღინისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს და სასამართლოს 5000 ლარიან გირაოს სთავაზობს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს ყველზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.

“მოვითხოვთ არა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ის კვალიფიკაცია, რაც სახელმწიფო ბრალდებისგანაა წარდგენილი, საქმის მასალებით დადასტურებული არაა. სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარს შევთავაზებთ, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან არ არსებობს მისი მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და განაჩენის აღსრულების საფრთხე”, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხიც დადგეს. რაც შეეხება კონფლიქტის მოტივს, არჩილ შაბაშვილის ინფორმაციით, მოტივი იყო საყოფაცხოვრებო, ვინაიდან ირაკლი ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი ჰქონდა 250 ლარის ოდენობით.

დაჭრილი მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი დაკითხვა ვერ ხერხდება.

 

მსგავსი თემები