“პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე საპატრიარქოდან უარი მიიღო” – მღვდელ-მონაზონი

“ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა, შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებასთან დაკავშირებით, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა”, – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ განაცხადა.

მღვდელ-მონაზონმა საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას ამორალური უწოდა და განმარტა, რომ მათ საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ ჰქონდათ.

“ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ.

​მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას ელოდებიან, რომელსაც ეპარქიას გადააბარებენ. მღვდელ-მონაზონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ეკლესიიდან წასვლას არ აპირებს.

„ვფიქრობ, რომ დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოება მოტივირებულია, რომ პასუხები მიიღოს კითხვებზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ავტორიტეტებზე, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და ვთქვა, რომ არ არსებობს უპირობო ავტორიტეტები. როდესაც კითხვები არის, პასუხებია საჭირო“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ.

მსგავსი თემები