პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება – ადვოკატები

პატიმრების უფლებების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრაქტიკა კვლავ გრძელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ამასთან დაკავშირებით მოითხოვენ თბილისის, გლდანის N8 დაწესებულების რეჟიმის უფროსი რამაზ ფირხცალავა და ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე ზურაბ მოდებაძე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.

როგორც ადვოკატებმა ლევან აფრასიძემ და ირაკლი ჩომახაშვილმამედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, ერთი თვის წინ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების, ზვიად ჭიტაძისა და გიორგი მარსაგიშვილის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და მორალური ზემოქმედება. ამის შესახებ, მსჯავრდებულმა ჭიტაძემ რამდენჯერმე დაწერა საჩივარი, მაგრამ უყურადღებოდ რჩებოდა, სანამ საქმეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ ჩაერთო.

​​სამწუხაროდ 2008 წლის შემდეგ კვლავ გვიწევს საუბარი პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. საუბარია გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე. კერძოდ, ზვიად ჭიტაძე, რომელსაც ჩატარებული ჰქონდა მძიმე ოპერაცია, ითხოვდა ექიმს, გაუსაძლისი ტკივილების გამო. მისი თხოვნა რამდენჯერმე უყურადღებოდ დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა. ბოლოს გაიყვანეს თითქოსდა ექიმთან შესახვედრად, მაგრამ რეალურად მას ემუქრებოდნენ, რომ პატიმარს არაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვს, რომ ისინი არიან მონები, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოითხოვა ზვიად ჭიტაძისგან ეჩვენება მტკივანი ფეხი და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყეს”, – აცხადებს ჭიტაძის ადვოკატი ლევან აფრასიძე.

​მისივე ინფორმაციით, არადამიანური მოპყრობის გამო, პატიმარმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე სამართლებრივად მოითხოვდა პასუხს, მაგრამ, ციხის თანამშრომლებისგან მიიღეს პასუხი, რომ მათ საკმაოდ გავლენიანი მეგობრები ჰყავთ ხელისუფლებაში და ვერაფერს მიაღწევდნენ.

“ეს ადამიანებია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოდიან, ისინი დღემდე სამსახურში რჩებიან და მათ აწინაურებენ იმის გამო, რომ საკმაოდ გამოცდილი კადრია”, – აცხადებენ ადვოკატები.

“ამის შემდგომ დაზარალებულმა უამრავი საჩივარი დაწერა, გიორგი მარსაგიშვილს სთხოვა დახმარება. რამდენჯერმე მიმართვის შემდგომ, მხოლოდ სახალხო დამცველის სპეციალური ჩარევის შემდეგ გახდა ეს ფაქტი ცნობილი საზოგადოებისთვის. ​ამის შემდეგ პატიმრები ჩაიყვანეს ისეთ კამერაში, სადაც არ არსებობს ვიდეოკამერები იქ უკვე დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა საჩივრების წერა”, – აცხადებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

მისივე თქმით, ზურაბ მოდებაძისა და რამაზ ფირცხალავს გარდა, პატიმრების მიმართ დამაცირებელ მოპყრობას კიდევ 7 კაცი ესწრებოდა, რომელთა გვარებს უახლოეს დღეებში დაასახელებენ და მათი თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

” მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან აღნიშნული პირები. ქალაქის პროკურატურამ დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება და მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სანამ ფირცხალავას და  მოდებაძის მსგავსი კადრები იქნებიდან პენიტენციალურ სისტემაში, ჩვენ მუდმივად ვაცნობებთ საზოგადოებას რა ხდება იქ”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, ​აღნიშნული პატიმრები სასჯელს იხდიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. ზვიად ჭიკაძეს ამ დრომდე არ ჩატარებია ექსპერტიზა, თუ რატომ აქვს ფეხი დაზიანებული და ის დაზარალებულად არ არის ცნობილი.

მსგავსი თემები