პატრიარქმა პანკისელებს ურჩია, სინანული ხმამაღლა გამოხატონ და ყველაფერი დამშვიდდება

„პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა დაპირისპირებას ძმათა შორის მომხდარი გაუგებრობა დაარქვეს, რომელსაც სიყვარულით უნდა მოვერიოთ,“ – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორესა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეკანოზის შეფასებით, პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა, ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პატრიარქთან შეხვედრაზე წუხილი გამოხატეს.

„მათი მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა იყო გადაცდომა, შეცდომა. ისიც აღინიშნა ორივე მხრიდან, რომ მსგავსი პროექტების ადამიანების შეუმზადებლად დაწყება, შესაძლოა, დაპირისპირების მცდელობაში, ხალხის უკმაყოფილებაში გადაიზარდოს. მათ წუხილი გამოთქვეს, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო აღძრულია სისხლია სამართლის საქმე. მათ მიაჩნიათ, რომ როგორღაც ეს უნდა დამშვიდდეს და პროცესები ასეთი მიმართულებით არ უნდა განვითარდეს. თუმცა, ეს მაინც სამართალდამცავების საქმეა,“ – აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქმა პანკისელებს რჩევა-დარიგება მისცა. „როდესაც გამოთქვეს მკაფიო სინანული, რომ ასეთი რამ მოხდა, მისმა უწმინდესობამ მათ უთხრა, რომ შეუძლიათ, ეს ხმამაღლა თქვან. ეს ძალიან პოზიტიური იქნება იმისთვის, რომ საერთო ჯამში, სიტუაცია ნორმალურ ჩარჩოებში ჩაჯდეს“, – განაცხადა დღეს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები