„პატიმრებს შეუძლიათ, პრეზიდენტს ევროსასამართლოში უჩივლონ“ – შეწყალების აკრძალვა

„საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარი არაფრის მომცემი განცხადებით შეწყალების მორატორიუმთან დაკავშირებით, პატიმრებს მისცა შესაძლებლობა, მას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ“ –  აღნიშნული გაცხადება ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც  უფლებადამცველმა აღნიშნა, პატიმრებისთვის ერთადერთი საშუალება, დაიბრუნონ კონსტიტუციური უფლება, სტრასბურგია.

„ზოგადად, სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ იურიდიული აქტი. შეწყალების მორატორიუმთან დაკავშირებით კი პრეზიდენტი  იურიდიულ აქტს ვერ გამოსცემდა, რადგან მას ამისთვის   უფლებამოსილება  არ გააჩნია. იურიდიული აქტი მორატორიუმის შესახებ ვერ იარსებებს. თუ მას ასეთი აქტი გააჩნია, წარმოადგინოს, რაც სერიოზული იურიდიული შეცდომა იქნება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებდა“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რადგანაც მორატორიუმთან დაკავშირებით იურიდიული აქტი არ არსებობს, ნანა კაკაბაძის განცხადებით, კონსტიტუციური უფლების აღსადგენად, ერთადერთი გზა ევროპის სასამართლოა.

„რადგანაც არაფრის, ანუ, არარსებული დოკუმენტის  გასაჩივრება ვერ მოხდება, პატიმრებს რჩებათ ხოლოდ და მხოლოდ ევროპული სასამართლო – ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპული სასამართლო, სადაც, მათ შეუძლიათ  იჩივლონ, რადგანაც, პრეზიდენტმა, თავისი გამონათქვამით უხეშად დაარღვია პატიმრების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. მან პირდაპირ თქვა, რომ 10 000-მდე პატიმარს ჩამოართვა ის უფლება, რომელიც მათ საქართველოს კონსტიტუციამ მიანიჭა“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  


როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ეს იქნება საქმე, რომელსაც საქართველო წააგებს.

მსგავსი თემები